საქართველოში საარჩევნო უბნების დახურვამდე 1 საათზე ცოტა მეტი დრო რჩება.
საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის შეწყვეტამდე და იქამდე ვიდრე ეგზიტპოლების შედეგები გასაჯაროვდება, ხელისუფლებაც და გაერთიანებული ოპოზიციაც საკუთარ გამარჯვებას აანონსებს.
გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულია.
„ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებლი ყველა ინფორმაცია, რომელიც მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში, გავიმარჯვეთ თბილისში. თქვენ ხედავდით, რა ხდებოდა გლდანში – “ქართული ოცნება” გადავიდა ძალადობაზე და მე მინდა მოვუწოდო ამ ძალადობის მონაწილეებს – ნუ ჩაჰყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიცია უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ არჩევნებს აგებენ და პროვოკაციებს შეეშვან. მისი თქმით, აუცილებელი არაა მათი ქმედებები ძალადობაში გადაიზარდოს.
“მოვუწოდებ ყველას, შეეშვან პროვოკაციებს მიუხედავად იმისა, რომ აგებენ არჩევნებს, არ არის აუცილებელი ძალადობაში გადაიზარდოს ესა თუ ის მათი ქმედება, ყველაფერ ამას აკვირდებიან და ყველაფერ ამას ექნება შესაბამისი შეფასება. კიდევ ერთხელ, შეეგუოს ჩვენი ოპონენტი იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება იმარჯვებს დამაჯერებლად”, – თქვა კახა კუჭავამ.