საქართველოში კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2413 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 25 104-ს შეადგენს. გარდაიცვალა 335 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4188 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2204-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.