„გუშინდელმა დღემ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ „ქართული ოცნება“ არ იცვლის ზნეს და რჩება ყველა იმ მანკიერების ბოლომდე ერთგული, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე დაინერგა საქართველოს საარჩევნო ტექნოლოგიებისას. რა თქმა უნდა, „ლელო“ არ აღიარებს იმ შედეგებს, რისი გამოცხადებაც ცესკოს მიერ იგეგმება. ჩვენ გავდივართ ინტენსიურ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ ძალებთან და ვემზადებით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლის დანიშვნაც „ოცნების“ ხელისფლებას მოუწევს“, -ამის შესახებ არჩევნების წინასწარი შედეგების შეფასებისას, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, მთელ საქართველოში, მათ შორის, ბუნებრივია, გურიაშიც, „ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ ფული დაარიგა მოსახლეობაში და პარალელურად ამ ფულის ხმებში კონვერტირების მენეჯმენტი გასწია.
„ველოდი ამ პროცესს, მაგრამ გაკვირვებული ვარ მისი მასშტაბით და უტიფრობის ხარისხით. „ოცნებამ“ გურიაში კარდაკარ სდია „ლელოს“ ამომრჩეველს და მათი გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, სხვადასხვა უკანონო ხერხით აიძულა უბრალოდ არ მისულიყო არჩევნებზე. ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როცა ამომრჩევლის მოსყიდვა, ანუ პირდაპირ ფულით ყიდვა მოხდა. ბუნებრივია, სიყალბის, ძალადობის, დაშინების და მოსყიდვის შედეგად „ოცნების“ საარჩევნო კომისიების მიერ დადებული რიცხვები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ შედეგად. ფაქტია, „ოცნებამ“ ეს საპარლამენტო საარჩევნო პროცესი ჩაატარა ხელის გადაგრეხვის პრინციპით. მინდა დავარწმუნო „ოცნების“ ლიდერები, რომ ამ მეთოდს საზოგადოება უკვე აუტანლად მტკივნეულად აღიქვამს და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, მის მიმართ აგდებული დამოკიდებულება, როცა თვლიან, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მისი ხმის ყიდვა, მწარედ შეუბრუნდებათ უკან და ეს მოხდება ძალიან მალე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დანიშვნაც „ოცნებას“ მოუწევს. „ლელო“ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის ავანგარდში. როგორც აღვნიშნე, მიმდნარეობს ინტენსიური კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ ძალებთან და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ და ხელიდან გამოვგლეჯთ „ოცნებას“ ქართული საზოგადოების უპირველეს ინტერესს, რასაც ქვია ზეწოლისგან, დაშინებისგან და მოსყიდვისგან თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ.