ბათუმის სამშობიარო სახლში ახალშობილს covi-19 დაუდასტურდა.
მედიკოსების განცხადებით, მისი მდგომარეობა მსუბუქია. ინფიცირებულია ჩვილის დედაც, რომელიც რამდენიმე დღეა კლინიკაში იმყოფება.
როგორც ტელეკომპანია „აჭარასთან“ საუბრისას ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლის დირექტორმა ნუგზარ პაპავამ განაცხადა, ბოლო ერთ კვირაში ცენტრში ხუთი ბავშვი დაიბადა, ტესტირების შემდეგ, მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.
„როდესაც კოვიდინფიცირებული მშობიარობს, ბავშვი გადის დამუშავებას და გადადის ცალკე პალატაში, დედისგან განცალკევებით. ბავშვს უვლის სამედიცინო პერსონალი და საკვებს ღებულობს დისტანციურად“,_ განაცხადა პაპავამ.
ბათუმის სამშობიარო სახლში ამ ეტაპზე 32 პაციენტი მკურნალობს. ორი მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა.