ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.
ჩვენებურმა გოგონებმა გასვლაზე ყაზახური „ოკჟეტპეს“ დამატებით დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
ანგარიში მე-5 წუთზე მასპინძლებმა ბიბიგულ ნურუშევას გოლით გახსნეს. „ლანჩხუთმა“ ანგარიშის გათანაბრება 65-ე წუთზე ხატია ჭყონიას გოლით შეძლო. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებითი დროის 95-ე წუთზე ხატია ჭყონიამ დუბლი შეასრულა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში „ლანხუთი“ პირველი ქართული ქალთა გუნდი გახდა, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 6 ნოემბერს გაიმართება.მატჩები კი 18/19 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ,რომ გურულები ევროპულ სარბიელზე პირველად ასპარეზობენ.
ოქჟეტპესი–ლანჩხუთი 1:2
გოლები: 1:0 ნურუშევა (5), 1:1 ჭყონია (62), 1:2 ჭყონია(95)
ლანჩხუთი: გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ალელიშვილი, გასვიანი, დანელია (119. კახიძე), თოდაძე, ხაბურძანია, დიმოპულუ (89. ნარსია), ჭყონია
სათადარიგოები: მჟავია, გობრონიძე, გოგეშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე
მსაჯები: ჯანსუ თრიაქი (თურქეთი)
გაფრთხილება: ვლასოვა (72)
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი 2019 წელს გახდა. ლანჩხუთელებმა 18 შეხვედრაში 51 ქულა დააგროვეს და უშუალო კონკურენტ თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობეს. 2020 წლის ქალთა ლიგის გათამაშება კი, „ლანჩხუთმა“ 34 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.