გურიაში, სხვა რეგიონების მსგავსად, კოვიდინფიცირების შემთხვევები მატულობს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება თბილსიში, რუსთავში და მათ შორის ლანჩხუთშიც სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი გახდა. ბაღები ორშაბათიდან აღსაზრდელებს აღარ მიიღებენ.
დაიხურება თუ არა ისევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღები_ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილეს, მარინა ცინცაძეს დავუკავშირდით.
„ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ კიდევ უფრო გართულდა საბავშვო ბაღებში სასწავლო სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ ეტაპზე გარდა 3 ბაღისა არ გვაქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული.
ვმუშაობთ და თუ სადმე რამე დაფიქსირდა, მერიასთან, ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას.
მთელი ქვეყნის მასშტაბით არ არის მდგომარეობა ისე, რომ ყველა ბაღში შეწყდეს მუშაობა, თუკი სადმე რამე არ არის დაფიქსირებული. ამიტომ ჯერ შეჩერების გადაწყვეტილება არ არის მიღებული“,_ გვიპასუხა ცინცაძემ.
ცნობისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ 20 ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი 3 ნოემბერს მხოლოდ 18-ში განახლდა.
ეპიდვითარების გამო დახურულია ბასილეთის და ამაღლების საბავშვო ბაღები. ცოტა ხნის წინ კი კორონავირუსით ინფიცირება სამების საბავშვო ბაღის გამგესაც დაუდასტურდა.
როგორც ცინცაძემ გვითხრა, ბასილეთის საბავშვო ბაღის გახსნის შესახებ მსჯელობა დაწყებული იყო და ბაღს პატარების მიღება ორშაბათიდან უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ სოფლის მცხოვრების კორონავირუსით გარდაცვალების გამო, ბაღში სააღმზრდელო პროცესი ისევ არ განახლდება.
ცნობისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კოორონავირუსით ინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 40-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.