“ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი „ლელოს“ მიერ საოლქო კომისიაში შეტანილ იმ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, მიზეზის აუხსნელად, განუხილველად დატოვა“, _ ამის შესახებ ოზურგეთის სასამართლოს წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, „ლელოს“ წინააღმდეგ გრძელდება საარჩევნო სპეცოპერაცია, რაც ამჯერად გამოიხატა იმაში, რომ ოზურგეთის საოლქო კომისიამ „ლელოს“ მოპარა გასაჩივრებისთვის განკუთვნილი 2 დღე.
“საქმე ის არის, რომ საარჩევნო დავებთან მიმართებით კანონი ისედაც შემჭიდროვებულ ვადას _ მხოლოდ 2 დღეს ითვალისწინებს. მოხდა ისე, რომ საჩივართან დაკავშირებული განკარგულებები, რომელიც 5 ნოემბერს _ გუშინწინ უნდა ყოფილიყო გამოცემული, გუშინ 6 ნოემბრის ღამის 12 საათამდეც კი არ იყო ატვირთული.
ჩვენს ხელთაა საოლქო კომისიაში ჩვენს წარმომადგენელს ინგა ფრანგულაშვილსა და საოლქო კომისიის თანამშრომელ თამთა გიორგაძეს შორის გუშინ, 6 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც გიორგაძე უდასტურებს ფრანგულაშვილს, რომ თურმე განკარგულება 5 ნოემბრის თარიღით არის მიღებული, მაგრამ ბევრია ასატვირთი და მხოლოდ ახლა იტვირთება, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ხვალ, ანუ 7 ნოემბრის 6 საათამდე გაქვთ გასაჩივრების ვადაო. მანამადე კიდევ ერთი იგივე შინაარსის საუბარი გაიმართა ფრანგულაშვილსა და საოლქო კომისიაში „ოცნების“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, ნათია ცეცხლაძეს შორის.
ანუ, საოლქო კომისიამ თავისი ამ ქმედებით, როცა განკარგულება დამალა და წინა რიცხვით მოგვიანებით ატვირთა, საარჩევნო სუბიექტს ის 2 დღიანი ვადაც კი მოგვპარა, რათა ხელი შეგვშლოდა სასამართლო გზით ჩვენი სიმართლის დამტკიცებაში“, _ თქვა გიორგი სიორიძემ.
ამ ბრალდების პასუხად ოზურგეთის #60 საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე “გურია ნიუსთან“ ამბობს:
“აღნიშნული საარჩევნო სუბიექტის საჩივრები #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად დარჩა განუხილველი გასაჩივრების წესის დარღვევის გამო.
კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების უფლება აქვს პარტიას ან და პარტიის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე შესაბამისი პირს და არა შესაბამისას საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს“, _ გვითხრა ბერდია ლომიძემ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოზურგეთის რაიონული სასამართლო, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ.