ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი ახალგაზრდა ბახმაროდან მოდიოდა. მანქანაში მხოლოდ ის იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბუკნარში მოხდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილას გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობლები იმყოფებიან.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მორჩილაძის მეუღლის ახლობელია.
„გურია ნიუსი“ მომხდარის შესახებ სასაუბროდ მორჩილაძეს დაუკავშირდა, თუმცა მის ტელეფონს მისმა მეუღლემ, ნინო ღლონტმა უპასუხა.
ღლონტის ინფორმაციით, შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, არ იციან.
„გარდაცვლილი ჩემი მამიდაშვილია. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ჩაეძინა, ვინმემ, რამემ გადაურბინა თუ რა მოხდა ჯერ არ ვიცით არაფერი. ახლა ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე. მოდიოდა ბახმაროდან. გაიარა ნათესავებთან ჩოხატაურში და შემდეგ ხეს დაეჯახა ავტომობილი. ადგილზევე დაიღუპა“,_ გვითხრა მორჩილაძის მეუღლემ.
“გურია ნიუსი“ ინფორმაციის დეტალების გასაგებად შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
გურია ნიუსი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.