ამ წუთებში პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს გიგი უგულავა მიმართავს.
“დღეს 14 ნოემბერია და ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოში ბოლომდე დაასამარა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა „ოცნება“, იმიტომ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, ჩვენ ყველანი გავხდით იმ არნახული და გამაოგნებელი გადაგდების მომსწრე, როდესაც მონა დაჩი ბერაიამ და ვითომ ხუნდაძემ ხუნდები აიყარეს და გვითხრეს, რომ პროპორციული თურმე ზღაპარი ყოფილა, თურმე თავისუფალი არჩევნები ზღაპარი ყოფილა და თურმე ჩვენ არაფერს არ დაგვპირებიან, თურმე ხალხს გავრილოვი მოელანდა აქ. იმის მერე ჩვენ ერთი წელიწადია არ ვნებდებით, მოვდივართ, ვიკრიბებით აქ და ვეუბნებით – „ვერ წაგვართმევ და ვერ დაგვაჩოქებ“.
ჩვენ ვითხოვთ სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს და მერე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი, ვინ მართოს, ვინ იყოს ოპოზიციაში, ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს და სად უნდა იყოს და ეს მომენტი დადგა მეგობრებო!
ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, თუ რა არის ჩვენი გეგმა. გეგმა მარტივია, გეგმა არის გამძლეობა“, – განაცხადა უგულავამ.