ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, _ შეხვედრის ამსახველ ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამერიკის პირველი დიპლომატი პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პატრიარქსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები: თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლის მიმართულებით. მხარეები იმსჯელებენ საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე, ასევე განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.
თბილისი მაიკ პომპეოს იმ ტურნეს ნაწილია, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს მოიცავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა და შემდეგ ისრაელში გაემგზავრება.