არ გადადო – იმოქმედე დღეს! – დარეკე „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე“ – 111.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, არასრულწლოვანს 13-დან 18 წლამდე და სრულწლოვანს 18-დან 25 წლის ჩათვლით (მათი ოჯახის წევრ(ებ)თან ერთად), რომელიც თვლის, რომ არის დამოკიდებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშებზე, სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო მომსახურება შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“-ს მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს: ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას, ადიქტოლოგის /ექიმი ნარკოლოგის მომსახურებას, სოციალური მუშაკის მომსახურებას და ფსიქიატრის მომსახურებას (საჭიროების შემთხვევაში).
“მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, საგანგაშოა არასრულწლოვნებსა და სრულწლოვნებში ადიქციის პრობლემა. ეს არის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა, მიჯაჭვულობა ვინმეს/ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშე ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. ადიქციის პრობლემა გამოიხატება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის უკონტროლო მოხმარებით; აზარტულ, კომპიუტერულ თამაშებზე და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებით.
სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვის მიზნით, აუცილებლად დარეკეთ „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე – 111“. 111-ზე ზარის განხორციელება უფასოა, კონსულტირება და სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვა შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
მთავარია, იცოდე რომ შენ გაქვს შესაძლებლობა დარეკო და ერთად დავიწყოთ შენი ქცევის მართვა – გათავისუფლდი დამოკიდებულებისგან! დარეკე „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე“ – 111. ზარის გახორციელება და მომსახურების მიღება – უფასოა! სახელმწიფო გიცავს და ზრუნავს!_ წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.