„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში „გოლიათი“ ახალშობილი გაჩნდა. მამრობითი სქესის ახალშობილი, რომელიც ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა, ხუთ კილოგრამს იწონის.
„გოლიათის“ დედა ქუთაისის მკვიდრია, რომელიც კლინიკაში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით, ერთი დღის წინ შეიყვანეს. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება.
„ჩვენს კოვიდგანყოფილებაში მიჩვეული ვართ ტყუპების დაბადებას, თუმცა დღეს სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „გოლიათი“ დაიბადა. ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად, მამრობითი სქესის ახალშობილი გაჩნდა, რომლის წონა 5 კილოგრამი, ხოლო სიმაღლე 54 სანტიმეტრია. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ჩვენი განყოფილების მთელი გუნდი, ექიმებიდან დაწყებული ექთნითა და ექთნის დამხმარეებით დამთავრებული, მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ორსულებს ოჯახური გარემო შევუქმნათ და ასეც არის: განყოფილებაში პატარა კოვიდსამყარო გვაქვს. გვიხარია, რომ უკვე გამოჯანმრთელებული, ჩვენგან წასული ორსულები თუ მელოგინეები აქტიურად გვიკავშირდებიან და სხვებს უწევენ რეკომენდაციას, რათა კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში მოხვდნენ,“– ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
ამ დროისთვის „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში მკურნალობა-მეთვალყურეობას 32 ორსული და მელოგინე გადის.
წყარო: TOP NEWS