ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
„90–იან წლებში მახსოვს გიამ რამდენჯერმე ჩემ მშობლებთან დამტოვა, თვითონ რაღაც საქმეზე მიდიოდა. მშიამეთქი დედაჩემს ვეტყოდი და შვილიშვილებისთვის (ჩემი ძმისშვილებისთვის) მომზადებულ სუპს მთავაზობდა სულ. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს ვერ მოვითმინე და ვკითხე, ამის მეტი საჭმელი არ გაქვთ, ეს რა უბედურებაამეთქი და არაო, ჩვენც ამას ვჭამთო. და უცბად ისეთი ძალით ჩამცხო რეალობამ თავში, იმ რეალობამ, რომლისგანაც აბსოლუტურად მოწყვეტილი ვიყავი ხელისუფლებაში ყოფნის გამო (თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციაში), რომ სირცხვილით აღარ ვიცოდი, რა მექნა. არა იმიტომ რომ ჩვენ თავზე გვეყარა, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ, ეს პრობლემა ჩვენ არ გვქონდა და რაღა შორს წავიდე, საკუთარი მშობლების გაჭირვებაც კი არ ვიცოდი, რადგან ისინი არასოდეს დაიწუწუნებდნენ ჩემთან რამე თუ აკლდათ.
ეს ამბავი ეკა ხერხეულიძის სტატუსმა გამახსენა, რომელიც არა ნაკლები შოკი იყო ჩემთვის, სადაც ეკა 92–93 წლების ამბებს ყვება და იხსენებს, როგორ მიუქსიეს სპეციალურად დაგეშილი ნაგაზები დემონსტრანტებს გენშერის და ბეიკერის საქართველოში სტუმრობის დროს და როგორ ახშობდნენ დაგლეჯილი ხალხის ბღავილს მუსიკით და დოლ–გარმონით ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღია ცისქვეშ ღონისძიებაზე გენშერის და ბეიკერის პატივსაცემად.
ამდენი წლის შემდეგ ეს ამბავი გუშინ გავიგე! სრულიად იზოლირებულს რეალობისგან, მაშინ არაფერი მსგავსი არ მსმენია და არც ტელევიზიები იყო იმ დროს, მხოლოდ პირველი სახელმწიფო არხი მაუწყებლობდა და ამ არხიდან ვინ შეიტყობდა სიმართლეს.
უზარმაზარი შოკი მაქვს გუშინდელი დღიდან და 2 დღეა ვფიქრობ, რა დავწერო, რა ვთქვა. ეკას სტატუსი სირცხვილით ვერც დავალაიქე – მე ხომ იმ დროს ან ღონისძიებაზე ვიქნებოდი, სადაც ვერ გავიგონებდი ვერაფერს, ან სახლში, სადაც პირველ არხზე არავინ მეტყოდა ამას.
ანგელოზი არც მე ვარ და არც არავინ.
მე შეიძლება, ვისაც მტრად ვთვლიდი, და ვისაც დსთ–ში შესვლის მიზეზად ასახელებდა მაშინდელი ხელისუფლება, იმაზე მეთქვა ეს შემზარავი სიტყვები – თუ მისი მიზეზით უნდა შეგვათრიოთ დსთ–ში,, რატომ გაუშვით ცოცხალიმეთქი –არა იმიტომ რომ ამ ადამიანის სიკვდილი მსურდა, არამედ იმიტომ რომ დავიჯერე რომ ის იყო მიზეზი ჩვენი რუსეთთან ხელახალი მიბმის და ამას დღეს ძალიან ვნანობ…
კიდევ ბევრი რამ შეიძლება გამეფიქრა ან მეთქვა მტრობით, თუნდაც აქციის დაშლა–დარბევა, მაგრამ ხალხზე ძაღლების შესევა??? იარაღით დახოცვა???
ძალიან კარგად მესმის, რომ “არ ვიცოდი და ეხლა გავიგე” არც გამართლებაა და შეიძლება არც დაიჯეროს ბევრმა.
მართლა არ ვიცოდი, რადგან მე, როგორ მონსტრადაც არ უნდა მსახავდეს იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილი, არაფრის გადამწყვეტი არ ვიყავი არც პალამენტში და არც 2თვიანი ვიცეპრემიერობის დროს მთავრობაში, საიდანაც დსთ–ში შესვლის შემდეგ პროტესტის ნიშნად გადავდექი – მხოლოდ კონკრეტულ პოზიციას ვახმოვანებდი. ეს არც გამართლებაა და არც ჩემს პასუხისმგებლობას არ ამცირებს – როცა ადამიანებს ხელისუფლების მიერ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები გლეჯდნენ, მე მეორე მხარეს ვიდექი და ესაა ჩემთვის შემზარავი რეალობა.
ეკა, ვერ დავალაიქე შენი სტატუსი, რადგან სირცხვილის აღმნიშვნელი რეაქცია არ აქვს ფეისბუკს.
მაპატიე სხვა მხარეზე დგომა იმ საშინელ პერიოდში და მადლობა იმისთვის რომ დღეს მეგობრები ვართ“.