ოზურგეთში, მეორე დღეა, სეზონის პროდუქტად წოდებული თევზი, ქაფშია გამოჩნდა ბაზარზე.
ის ძალზე წვრილი, დაბალი ხარისხისაა, რაზეც გურულები თავისებურ ხუმრობას არ იშურებენ:
_კორონასავით დახლიფართული „ხამსა“ შემოყარეს ქალაქში. არა, რა კორონიზა აგიკრია პირბადე და რაღა ამ აქოთებული სუნის გამო. ჩოუშვეს ახლა მაგის ნარეცხა წყალი არხების ცხაურებში და თუ ცოტა მზემ გამოიხედა, კილომეტრზე უნდა გაიქცე აქიდან. ასეა კორონას გეექეცი, „ხამსიას“ შეეყარე ან პირიქით _ ასე ხუმრობენ (რაც სიმართლესთან ძალზე ახლოა) გურულები ოზურგეთის აგრარულ ბაზარში.
დღეს ერთი კილოგრამი ქაფშია სამი ლარი ღირს. ხოლო გამყიდველები, რომლებიც იქვე არჩევენ თევზს, გასუფთავებულ ნედლეულს, ერთ კილოგრამს 5 ლარად ყიდიან. ზოგი კი არ უმატებს ფასს და გამზადებულსაც 3 ლარად ყიდის. ხშირად ამის გამოც ერთმანეთთან დაობენ. თუმცა, რაც ყველაზე თვალში საცემია, თევზი ზომით არის ძალიან პატარა და მომხმარებელი უფრო ამის გამო ბუზღუნებს.