ოზურგეთში, გურიის ქუჩის დასაწყისში, ე.წ. „ბირჟაზე“ კვლავ გამოჩნდნენ ტანსაცმლითა და პარფიუმერული ნაწარმით მოვაჭრე ბოშები. მართალია ისინი, ორი კვირის წინ, პოლიციისა და ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით, აქედან გაიყვანეს, თუმცა ეს დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა.
ყველაზე საგანგაშო რაც არის, არ იკეთებენ პირბადეს ან ფორმალურად აქვთ ნიკაპზე აკრული. ტანსაცმელი პირდაპირ ფილაქანზე ყრია და ანტისანიტარიული ვითარება იქმნება. დიდია მყიდველთა უპასუხისმგებლობაც, რომელთაც ხშირად არც თავად უკეთიათ პირბადეები და თითქმის, თავი თავთან მიაქვთ გამყიდველთან, ფასებზე ვაჭრობისას.
დღეს აქ მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებიც მივიდნენ, თუმცა მათი მითითება „ბოშათა ბანაკისთვის“ ბევრს არაფერს ნიშნავს.
აუცილებელია, თან სასწრაფოდ, სამართალდამცავებმა კვლავ ქმედითი ღონისძიება გაატარონ და აღკვეთონ ქალაქის ცენტრში ეს თავნებობა, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის არსებული პანდემიის პირობებში.