ჩოხატაურში სასწავლო პროცესი საჯარო სკოლების საკლასო ოთახებში, ჯერჯერობით, არ განახლდება.
„გურია ნიუსთან“ საუბრისას, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ განაცხადა, რომ სწავლის განახლების შესაძლებლობას ეპიდვითარება არ იძლევა და დაცდა კიდევ 12 დღე მოუწევთ.
„ვესაუბრე ჯანდაცვის წარმომადგენელს ჩოხატაურში, ქალბატონ ნატო ჯიბუტს. ჯიბუტმა თქვა, რომ ამ დროისთვის არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სწავლის განახლება 24 ნოემბრისთვის. ოფიციალური წერილით მივმართავ და ვაცნობებ სამინისტროს. კიდევ 12 დღე გვჭირდება, რომ დავაკვირდეთ ეპიდვითარებას“,_ ამბობს შორენა სიხარულიძე და აღნიშნავს, რომ სწავლის საკლასო ოთახში განახლების შემთხვევაში, კორონავირუსის ბავშვიდან ბავშვზე გავრცელების დიდი რისკი არსებობს.
„თუ აღვადგენდით სასწავლო პროცესს, ინფექციის ბავშვიდან ბავშვზე გადადების რისკი მეტი იყო. რა ინფორმაციაც მომაწოდა ჯანდაცვის ცენტრმა, პროცენტულად მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე მეტი მშობელია ინფიცირებული“,_ ამბობს სიხარულიძე.
ცნობისთვის, ჩოხატაურში სკოლები დისტანციური სწავლების ფორმატზე 13 ნოემბერს გადავიდნენ.