ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში, ბოლო ორ დღეში, რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს იმის გამო, რომ არ ეკეთათ პირბადე.
_გურიის ქუჩაზე ორი მოქალაქე დააჯარიმეს. მათ 20 ლარის გადახდა დაეკისრათ. ხმაური და გაწევ-გამოწევა იყო, თუმცა მაინც ამოუწერეს. მერე უცებ დაიშალნენ. ორი კიარა, სულ ცოტა, ოცი ადამიანი მაინც დაჯარიმდება, დილიდან საღამომდე რომ დადგე ცენტრალურ ქუჩებზე და უყურო, როგორ აგდებულად ექცევიან საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც – შეგვატყობინა წყარომ.
ადგილზე როცა მივედით, მარკეტებში მოვაჭრეებმა გვიამბეს, რომ პოლიციელი ქალბატონი და მოქალაქეები დიდხანს დაობდნენ. მამაკაცი, ვინც დააჯარიმეს, იძახდა, რომ პირბადის ტარება უჭირს და ურჩევნია, დააჯარიმონ. თუმცა არ ჰგავდა ავადმყოფს. ასევე, გურიის ქუჩაზე კიდევ ორი ადამიანი დააჯარიმეს, რისთვისაც ისინი უსაფუძვლოდ ბრაზობდნენ, – გვითხრეს მათ.
„გურია ნიუსის“ ხშირი დაკვირვების დროსაც, ბევრ მოქალაქეს არ უკეთია ნიღაბი და მხოლოდ შენიშვნის შემდეგ იფარებენ. ან სასწრაფოდ გარბიან, რომ ფოტოობიექტივში არ მოხვდნენ. ასევე, ხშირად, უფუნქციოდ, ნიკაპს ქვემოთ აქვთ ამოოდებული და ისე დააბიჯებენ ხალხმრავლობაში.
_ამ აცივების შემდეგ, პირიქით, თბილად მაქვს ცხვირ-პირი. განცდაც მაქვს, რომ გრიპი და რამენაირი ვირუსი არ შემეყრება, – გვითხრა ოზურგეთელმა მაია მუჯირმა.
ჩვენ შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით და დავინტერესდით, მას შედეგ, რაც 3 ნოემბრიდან , პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა და ეს გადასწყვეტილება უწყბათაშორისმა საბჭომ მიიღო, რამდენი მოქალაქე დაჯარიმდა კონკრეტულად ოზურგეთში.
_დღესვე ვერ გიპასუხებთ. ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის შემდეგ, მოგაწვდით ზუსტ პასუხს, – გვითხრეს შსს პრესსამსახურში.
„გურია ნიუსი“ უახლოეს დღეებში, მიღებისთანავე მოგაწვდით ინფორმაციას. ასევე ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კვლევის რეჟიმში მუშაობას, რა ხდება ქუჩებში, ახდენენ თუ არა მოქალაქეები ვალდებულების შესრულებას.