ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ ამბობს, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისია „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლოდ ბიულეტენებს არ აბათილებდა.
„შიდა ქართლში, წაღვლის 16.35.37 საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, ხმების დათვლისას საარჩევნო კომისიის წევრები შეეცადნენ, გასაბათილებელი ბიულეტენები, რომელზეც ორივე პარტიის კანდიდატი იყო შემოხაზული, მიეკუთვნებინათ „ქართული ოცნებისათვის“.
ამაზე პრეტენზია გამოთქვა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა და არ მისცა საშუალება, ეს ბიულეტენები ჩათვლილიყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. დამკვირვებელმა ამ მიზნით ფოტოც გადაუღო ბიულეტენებს, რის შემდეგაც კომისიის წევრები იძულებული გახდნენ, ბათილად ეცნოთ ეს ბიულეტენები.
ამავე დროს, მათ დამკვირვებლის მიმართ გამოხატეს აგრესია – მიუთითებდნენ, რომ მას არ ჰქონდა მათ სოფელში ასე მოქცევის უფლება, ადანაშაულებდნენ, რომ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი”,_ აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.