საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება უილიამ კორტნიმ Twitter-ზე გაავრცელა.
„დასავლეთმა ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული არჩევნები იმდენად კანონთან შეუსაბამოდ ჩათვალა, განაცხადა, რომ ახალი არჩევნების გამართვაა საჭირო. თუმცა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო იმდენად გაყალბებული, რომ ხმები გაუქმებულად გამოაცხადო. ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს“, – წერს კორტნი.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში არჩევნების მეორე ტურის შესახებ განცხადება გაავრცელა.
„მოველით, რომ ყველა პარტია შეძლებს განსხვავებების გადალახვას, რათა პარლამენტის ყველა წევრმა, საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასების მიუხედავად, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს“, – ნათქვამია განცხადებაში.