„ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში არჩევნების მეორე ტური საზოგადოებამ მშვიდ გარემოში ჩაატარა და ქვეყნის მართვის სადავეები „ქართულ ოცნებას” დაუტოვა, თუმცა ოპოზიციური სპექტრი უფრო მრავალფეროვანი გახადა.
„ეპიდემიოლოგიურად ვითარება რთულია. ვიმყოფებით მეორე ტალღის, მაღალი გავრცელების ფაზაში, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ქუჩის აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ. თუ სასწრაფოდ არ მოხდა ვითარების სტაბილიზაცია, შესაძლოა ქვეყანამ და საზოგადოებამ გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს. ამისათვის, გარდა ეპიდკონტროლისა, საჭიროა საზოგადოების დამყოლობა და პოლიტიკური სტაბილურობა, რისთვისაც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. პარლამენტის გამართულ და სრულფასოვან მუშაობას კი ალტერნატივა არ აქვს. დღეს არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა, მეტ-ნაკლებად – ყველასია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.