ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 608 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 373 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. სულ მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 231 აქტიური შემთხვევაა.
„გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, რომ ინფიცირებულ პაციენტების უმეტესობა ბინებში მკურნალობენ. ისინი, ვისაც ყურადღება უფრო მეტად სჭირდება სტაციონარებში არიან გადაყვანილი.
ამ ეტაპზე კი ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების ოჯახური შემთხვევები ფიქსირდება.
„დილის მონაცემებით, ინფიცირების 19 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ახლა უკვე შეუძლებელია თქმა, რომელ სოფელში ფიქსირდება ინფიცირების მეტი შემთხვევა ან ნაკლები.
ინფიცირებულებს შორის არის რამდენიმე საყურადღებო პაციენტი, რომლებიც სტაციონარებში მკურნალობენ. ინფიცირებულების დიდი ნაწილი ბინებზე მკურნალობს. ექიმების მიერ ხდება მათი მართვა. დაინფიცირებულებს შორის არიან ბავშვებიც. აქამდე საბედნიეროდ, ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ახლაც არიან იფიცირებულებს შორის ბავშვები, იმიტომ რომ ოჯახური შემთხვევებია და როცა ოჯახში 1 ინფიცირდება, ვირუსი სხვებზეც ვრცელდება, რადგან ზამთრის პერიოდია. ერთად ხდება ოჯახის წევრების თავშეყრა გამომდინარე ოჯახური პირობებიდან და ამიტომ გავრცელებაც ოჯახის წევრებს შორის მარტივად ხდება“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.