თბილისის მერმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. ამ თემას კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე შეეხო. მისი თქმით, მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა ბიუჯეტის პროექტის დაუსრულებელი ვერსია, რომლის თანხაც დაახლოებით 840 მილიონ ლარს შეადგენდა. კალაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო ბიუჯეტის თანხა გაიზარდა.
„ვმუშაობდით ფინანსთა სამინისტროსთან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩართული იყო ასევე პრემიერ-მინისტრი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გიორგი გახარიასა და ვანო მაჭავარიანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, მადლობა გადავუხადო თბილისელების გვერდში დგომისთვის. რაც შეეხება ბიუჯეტს, დაემატება 225 მილიონი. უახლოეს დღეებში გადავგზავნით თბილისის საკრებულოში განსახილველად. ჩვენს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მილიონი ლარი. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მომდევნო წლის დასაწყისში, კონკრეტულად იანვარში, ამ თანხას კიდევ 50 მილიონი დაემატება და საბოლოოდ, 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი იყოს განხორციელებული დედაქალაქში ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, ბიუჯეტის მესამედი, დაახლოებით 350 მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელებას მოხმარდება, რაც უპრეცედენტოდ მაღალი თანხაა.
კიდევ 350 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.
მან იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა ნაყოფიერად ჩაივლის და დოკუმენტი მხარდაჭერას მოიპოვებს.