დღეს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეთექვსმეტედფინალურ მატჩს შვედურ „როსენგრადთან“ გამართავს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.
ლანჩხუთელი ფეხბურთელი გოგონები დღევანდელ მატჩს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ლანჩხუთელ გმირებს უძღვნიან.
„ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდება დღევანდელი მატჩი, ჩვენ ხომ სხვა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელს ვეთამაშებით. თუმცა, ერთი რამ ვიცით დანამდვილებით – ვიბრძოლებთ ბოლომდე ერთმანეთისთვის, ჩვენი კლუბისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ლანჩხუთისთვის და ჩვენი საყვარელი საქართველოსთვის!
დღეს რომ უფლება გვაქვს, ვითამაშოთ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით, არა საფეხბურთო მოედანზე, არამედ ბრძოლის ველზე იდგნენ ქვეყნის დასაცავად და ხშირად თმობდნენ ღვთისაგან ბოძებულ ერთადერთ სიცოცხლეს. ამიტომ გვინდა ჩვენი მატჩი მივუძღვნათ საქართველოსთვის დაღუპულ ბიჭებს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, ჩვენი სახელების ცოდნაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს მათი სახელები!
სხვა საქართველო იქ არის!“-წერია კლუბის ფეისბუქგვერდზე.