დღეს 32 ოჯახს 1 ლარად, სიმბოლურად ფასად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. ეს ეხება იმ სახლების დაკანონებას, სადაც ადამიანები ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ, თაობები გამოზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ აკანონებდნენ ამ ფართებს, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მინდა, ერთ კარგ პროექტზე ვისაუბრო. გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა სოზარ სუბარის განცხადებას და ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო. ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვასრულებთ და მომავალშიც მივყვებით ბოლომდე. ეს ეხება იმ სახლების დაკანონებას, სადაც ადამიანები ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ, თაობები გამოზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ აკანონებდნენ ამ ფართებს. ეს ვერ შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი ხვალ ადგება, სახელმწიფო მიწას მიიტაცებს, შემდეგ კი მოვა და დაკანონებას მოგვთხოვს. ეს ორი განსხვავებული მიმართულებაა. ჩვენი დაპირება, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობდა, რა თქმა უნდა, შესრულდება. დღეს 32 ოჯახს 1 ლარად, სიმბოლურად ფასად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში: ისანში – 13 ოჯახი, ნაძალადევში – 10 ოჯახი, მთაწმინდაზე – 4 ოჯახი, გლდანში – 2 ოჯახი. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კალაძემ.