როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილი იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით Facebook-იდან და Instagram-იდან გამოთხოვილი იყო ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები”, _ განაცხადა საქმის პროკურორმა.