80 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი რობერტ სტურუა წერს.
გოგი ქავთარაძემ 1958 წელს დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1958-1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1967 წელს. ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.
1963-1969 და 1972-1976 წლებში – რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972- ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974-1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976-1982 – ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 – სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება“.
გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.