ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ისევე, როგორც გურიის სოფლების უმეტესობაში, პრობლემები უხვადაა. ბუკნარში არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა „გურია ნიუსთან“ საუბრობს და მესიჯს უგზავნის ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიიქციონ.
„გაზი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს. არ იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბუკნარში გზა რომ არაა? პირადად მე არ მიმიმართავს ამ მოთხოვნებით, მაგრამ თვითონ ვერ ხედავენ?“_ გვიყვება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელსაც სახელისა და გვარის გამხელა არ სურს.
სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები „გურია ნიუსთან“ საუბრისას უგზოობასა და უწყლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„დაგვპირდნენ რომ არჩევნებამდე გზას გააკეთებდნენ, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. ორი გზა გვაქვს და არცერთი არ არის გაკეთებული. ბუკნარის ცენტრი ასეთი უნდა იყოს? ქვენობანში გაზი შესულა, მაგრამ ჩვენთან ჯერ არაა. თუ ჭა არ აქვს მაცხოვრებელს ეზოში, არც სასმელი წყალი აქვს. ბუკნარს პატრონი არავინ ჰყავს!“ _ გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები ქალბატონი.
ბუკნარის ცენტრში მდებარე მაღაზიის გამყიდველი, ტარიელ დოლიძე გვიამბობს, რომ მოსახლეობას მატერიალურად ძალიან უჭირს. პროდუქტის გაცემა მეზობლებზე ნისიად უწევს, რომლებიც ვალად წაღებული საკვები პროდუქტის საფასურს ძლივს იხდიან.
„ამ პანდემიის ფონზე ხალხს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა. ყველაფერი შეიცვალა. ხალხს ფული არ აქვს მაღაზიაში მოსასვლელად. ფასი ყველაფერზე გაიზარდა. თუნდაც ნაბეღლავზე. ნაბეღლავის ასაღები ფასი 80 თეთრი იყო და ლარზე ავიდა.
ნისიად თუ არ მიეცი მეზობელს პროდუქტი, რას იზამ? გადახდა კიდევ უფრო უჭირთ. წლობით ნაგროვები ნისიების რვეული მაქვს“, _ გვიამბობს ტარიელ დოლიძე.
როდის ექნება მოსახლეობას გაზი, გაკეთდება გზა და იქნება სოფელში წყალი_ ამ კითხვებით „გურია ნიუსი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.
როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, ბუკნარში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, ოჯახებიც გამრიცხველიანებულია და ამჟამად მოსახლეობისთვის გაზის მისაწოდებლად საჭირო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ბუკნარში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, ყველა ოჯახი გამრიცხველიანებულია. მიმდინარეობს გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიასა და ინვესტორ კომპანია „სოკარს“ შორის, ქსელის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ მოლაპარაკება, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, დაიწყება გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის“, _ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
რაც შეეხება უგზოობის პრობლემას, მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.
„რაც შეეხება გზას, დასრულდა გზის მოასფალტების პროექტირება, ცენტრალური გზიდან ე.წ. „მეურნეობის“ გავლით, სოფლის ცენტრამდე. სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება“,_ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.