2020 წლის 26 ნოემბერის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმეები ცხადდება.
ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; არ იმუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
შეზღუდვა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები და სხვა ობიექტები თებერვლიდან, დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.
“ვუბრუნდებით შეზღუდვებს 3-დან 16 იანვრამდე. ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კიდევ ერთი ბლოკი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა ჩაკეტილ დღეებში არ იყოს და გადაადგილება დაგეგმონ ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 26 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
სპეციალისტები ამის მიზეზად ახალი წლის დღეებში მობილობის გაზრდას ასახელებენ.