პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ცეცხლი ძირითადად უკიდია ბალახს და ეკალბარდს.
ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება, ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”, _ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ამ წუთებში უწყებიდან მოგვაწოდეს.