პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული კაცის ყველა კონტაქტი დადგენილია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იზოლაციაში იმყოფება.
„დამთავრდა გადამოწმება, თავიდან სამი საეჭვო შემთხვევა იყო, აქედან ორ შემთხვევაში უკუგდებული იქნა ახალი შტამი, ერთ შემთხვევაში დადასტურდა ე.წ. S გენის მუტაცია, ე.წ ბრიტანული შტამი, დელეცია 69-ე 70-ე პოზიციაზე, ანუ ეს არის ე.წ. ბრიტანული შტამი. პაციენტი არის 50 წელს გადაცილებული, ის თავს კარგად გრძნობს, არის იზოლაციაში, დადგენილია მისი კონტაქტები. ერთ-ერთი მისი კონტაქტის, რომელიც საქართველოში საზღვარგარეთიდან არის შემოსული, მისი მასალაც მოძიებულია და ახლა მიმდინარეობს უკვე იმ მასალის სეკვენირებაც. შესაძლოა, ის ყოფილიყო ინფექციის წყარო ამ შემთხვევაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია.
„სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, შემდეგ ისევ წავიდა საქართველოდან, მას შემოსვლის დროს საზღვარზე ჩაუტარდა ტესტირება, იყო უარყოფითი. ქვეყანაში ყოფნის მეშვიდე დღეს, ჩატარებული ტესტირების დროს იმ პირველს დაუდგინდა დადებითი პასუხი, ახლა მოძიებულია ისიც და მისი სეკვენირებაც ჩატარდება. ის ნიმუში, რა თქმა უნდა, შენახულია. ამ პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და, ფაქტობრივად, უკვე მორჩენილიც, იზოლირებულია პაციენტი. ყველა, ვინც მასთან იყო კონტაქტში, გადაყვანილია იზოლაციაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.