ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა იყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობა რამდენიმე პარტიას პარლამენტში ელოდება.
„პარლამენტში რამდენიმე პარტიას ველოდებით, რომლებს – დღეს ვერ დავაკონკრეტებ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მთავარია ჩვენ ასევე ველოდებით მოლაპარაკებებს, ამასთან დაკავშირებით ელჩებთან კონსულტაციები გვექნება, ეს მოლაპარაკებები გაიმართება და ამის შემდეგ გაირკვევა ის, თუ ვინ შემოვა პარლამენტში და ვინ არა. ჩვენი სურვილია, რომ რადიკალური პარტიები პარლამენტში არ შემოვიდნენ, ხოლო ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი – შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.