გერმანიაში ლოკდაუნის რეჟიმი 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ანგელა მერკელსა და გერმანიის რეგიონების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
გერმანიის კანცლერის განმარტებით, კორონავირუსის ეპიდემიით დაზარალებულ რეგიონებში მოქალაქეებს მხოლოდ 15 კილომეტრამდე რადიუსის ფარგლებში შეეძლებათ გადაადგილება.
ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანიაში დაავადების დინამიკა კვლავ მაღალია.
„გვსურს ის გადაწყვეტილებები, რომელიც დეკემბერში მივიღეთ, 31 იანვრამდე გავახანგრძლივოთ და ზოგიერთ ასპექტში ეს გადაწყვეტილებები გავამკაცროთ კიდევაც“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1 787 410 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 35 518 ადამიანი გარდაიცვალა.