სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს – “ქსნის კოლონიაში პატიმარი ა.გ კოვიდინფექციით გარდაიცვალა, გვიან გადაიყვანეს საავადმყოფოში!
ოჯახს აუკრძალეს ამ თემაზე საუბარი!”
ჟურნალისტი სავარაუდოდ გულისხმობს მსჯავრდებულს, რომლის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მიმდინარე წლის 1-ლ იანვარს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული ა.გ. რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე და პასუხი იყო დადებითი. მსჯავრდებულის მდგომარეობა იყო სტაბილური და უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, თუმცა კლინიკაში გადაყვანიდან მეშვიდე დღეს, 1-ლ იანვარს მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. დადგენილი წესის შესაბამისად, იმავე დღეს, 1 იანვარს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიზეზით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა. როგორც პენიტენციური სამსახურისთვის არის ცნობილი, პატიმრობიდან გათავისუფლებული მოცემული პირი, კლინიკაში გარდაიცვალა, თუმცა პენიტენციური სამსახურის უყურადღებობაში დადანაშაულება სრულიად უადგილოა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მოცემული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სათანადო მკურნალობას გადიოდა.
აღსანიშნავია, რომ ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილები მოცემულ მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი მსჯავრდებულები, რომლებსაც არც covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია, თუმცა ისინი ამჟამად კვლავ კლინიკაში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი დაბრუნება სასჯელის მოხდის ადგილზე მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლინიკაში საკარანტინო პერიოდს გაატარებენ და ამის შემდეგ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.(R)