„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი, მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს. პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყრიან კენჭს.
აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება.
„მუხლთა ზოგ ნაწილში, საუბარია საკმაოდ ხშირად ჩადენილი დანაშაულების ამნისტირებაზე – მაგალითად, როგორიცაა ნარკოდანაშაული, ეკონომიკური, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. არსებითი სიახლე არის ის, რაც პირველი მოსმენისას ითქვა: ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება სასჯელის განახევრება და მეოთხედით შემცირება. ამ მიმართულებებზე სამუშაო უკვე ჩატარებულია“ – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს, მეორე კი 5 იანვარს გაიმართა და ორივე შემთხვევაში, დეპუტატებმა დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.