42 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარიც გუშინ, გვიან ღამით, დამწვარ ბინაში იპოვეს, მოკლულია, ხანძარი კი კვალის დაფარვის მიზნითაა გაჩენილი.
გარდაცვლილს ჭრილობები ზურგსა და გულმკერდში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ელექტროგამათბობელი და დაუდევრობით დაჩენილი ხანძარი სახელდებოდა, თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, რომლებიც ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მკვლელობის კვალი აღმოაჩინეს.
შსს-მ ცხელ კვალზე 22 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც, “მთავარის” ინფორმაციით, გარდაცვლილთან ანგარიშსწორების მიზნით სოხუმიდან შემოვიდა ზუგდიდში, მკვლელობის შემდეგ კი ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა მიმალვას.
დაკავებული ბრალს აღიარებს და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიებას ასახელებს.