დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოსა და რუსეთს შორის მეორე შიდასახელმწიფოებრივ საქმეზე. ამ საქმეზე, საქართველომ ევროპულ სასამართლოში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ გამოიწვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი მუხლების დარღვევა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში.
ნანა მჭედლიძის, „უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტის განცხადებით, „საქართველომ მიუთითა, რომ რუსეთის ფედერაციამ სამოქალაქო მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ გამოიყენა განურჩეველი და არაპროპორციული ძალა. რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა რუსეთის ჯარის და მის დაქვემდებარებაში არსებული სეპარატისტული ძალების მეშვეობით. შედეგად, ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლების უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 მუხლი (უფლება სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე), კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 მუხლი (განათლების უფლება), კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება)“.
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ (ამჟამად „უფლებები საქართველო“) რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოგროვებაში ომის დასრულებისთანავე – 2008 წლის 13 აგვისტოდან ჩაერთო. ორგანიზაციის იურისტების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არაერთი დაზარალებული გამოიკითხა და შეგროვდა მტკიცებულებები, რომლებიც მიეწოდა სახელმწიფოს რუსეთის წინააღმეგ წარსადგენ საქმეზე გამოსაყენებლად.