ოზურგეთში სასწავლო პროცესის აღდგენისთვის მზადება მიმდინარეობს.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა განუცხადა, ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, მაგრამ ვიდრე გაფართოებული ტესტირების შედეგად ყველა სკოლის თანამშრომლის ჯანმრთელობის შესახებ ცნობილი არ იქნება, გადაწყვეტილებას სწავლის დაწყების შესახებ არ მიიღებენ.
„ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევების კლებაა, მაგრამ შეზღუდვების მოხსნა არ მოხდება იქამდე, ვიდრე პედაგოგების საბოლოო კვლევის შედეგები არ გვექნება. ახლა ვატარებთ გაფართოებულ კვლევას. რანდომული ტესტირებით, ანუ 2 კვირაში ერთხელ ხდება პსრ მეთოდით, მასწავლებლების 25%-ის გამოკვლევა, ამას გარდა, ახლა ვატარებთ სწრაფ ტესტებს, რაც მთლიანად მოიცავს პედაგოგიურ კოლექტივს, მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, სკოლის მძღოლებს. როგორც კი დაიდება ტესტების შედეგები, ამის მიხედვით გავაკეთებთ მონახაზს, რომელ სკოლაში დაიწყოს სწავლა, რომელ სკოლაში გაგრძელდეს შეზღუდვა და ა.შ.“,_ გვითხრა სიმონიშვილმა.
მისივე თქმით, რანდომული მეთოდით იტესტებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კერძოდ, პატრული, რეგიონული საპოლიციო სამსახური, იზოლატორი და სამაშველო სამსახური.