ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კლებულობს.
„ჯერჯერობით ინფიცირების შემთხვევების კლების სტაბილური ტენდენციაა დღესასწაულების შემდეგ, რადგან დაცული იყო რეგულაციები, რამაც გარკვეული შედეგები გამოიღო“,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა.
შეკითხვაზე, ახალი წლის დღეებში შეძლო თუ არა მოსახლეობამ ჯანდაცვის უწყების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა– მენაღარიშვილი ამბობს, რომ მეტნაკლებად მოსახლეობამ შეძლო, თუმცა, უკეთესი იქნებოდა ადამიანები სულ სახლში მსხდარიყვენ და სტუმრად არ ევლოთ.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ახალი წლის დღეებში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევას გვიამბობს, როდესაც თბილიდან ლანჩხუთში ჩასულმა ადამიანმა ოჯახის 7 წევრი დააინფიცირა.
„სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობამ მეტნაკლებად შეძლო რეგულაციების დაცვა. მნიშვნელოვანია, ტრანსპორტის აკრძალვა, მაგრამ მიმოსვლა მაინც იყო, ახლო სამეზობლოში, სანათესაოში, ვიწრო წრეში და ამანაც გარკვეული შედეგი გამოიწვია. ის, რომ საერთოდ გარეთ არავინ არ გასულიყო და არავინ არავისთან არ მისულიყო, ეს შედეგი კიდევ უფრო ნაკლები გვექნებოდა. თუმცა, რა შედარებაა, დღეში 40-50 შემთხვევა დასტურდებოდა და იმასთან შედარებით 3-5 შემთხვევა არაფერი არ არის.
იყო ამ საახალწლოდ შემთხვევა, რომ თბილისიდან ჩამოვიდა ოჯახი სტუმრად ლანჩხუთში. ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჰქონდა ვირუსი და სხვა ოჯახის წევრებიც დააინფიცირა. მრავალრიცხოვანი ოჯახია და ერთმა ადამიანმა 6-7 ადამიანი დააინფიცირა. ახლა უკვე გამოჯანმრთელებულები არიან. იმ ადამიანმა არ იცოდა რომ ინფიცირებული იყო. ეს გადასვლა-გადმოსვლა ოჯახებში სტუმრად რისკს ზრდის“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ლანჩხუთში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 1468 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1365 ადამიანი, გარდაცვლილია 15. ამჟამად აქტიურია ინფიცირების 88 შემთხვევა.