დღეს, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, (ექადიის უბნის დასაწყისი) ადგილობრივ მკვიდრთა ინიციატივით, საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები გარემოს დაცვის მოთხოვნის შინაარსით.
მათ მოითხოვეს, შეჩერდეს შპს „არერსა მეთალის“ მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტის ონლაინ განხილვა.
_ არ გვინდა ტოქსიკური საწარმო. თუ ჩვენზე ზრუნავთ, ბიზნესმენია თუ ინვესტორი, ხილის გადამამუშავებელი საწარმო ან სამკერვალო ფაბრიკა გახსნან. ორ ცვლაში ვიმუშავებთ. ხალხი დასაქმდება. ჩვენ მოგვისმინეთ და ისე გააკეთეთ. არ დაგანებებთ _ ამბობდნენ პროტესტის მონაწილეები.
აქციაზე ჩვეული სიტყვით გამოვიდა და ვრცლად ისაუბრა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ ლიდერმა, ირმა გორდელაძემ. მან დეტალურად ისაუბრა აქ საწარმოს ამოქმედების დაუშვებლობაზე.
_შარშან, ივლისში, როცა შევიკრიბეთ, სკოპინგი, პირველი განხილვა არ ჩატარებულა. არც ონლაინ ჩატარებულა. პირდაპირ გადავიდნენ ბოლო ეტაპზე, რომელიც ახლა, 29-ში იყო ჩანიშნული. რომ არ მომეპოვებინა ეს ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე და არ მეცნობებინა თქვენთვის, მედიისთვის, გარემონტებულია შენობა, ისე კარგად ამოქმედდებოდა ეს საწარმო, როგორც დაგიბარებია, _ თქვა გორდელაძემ.
საწარმოს დირექტორმა, შავლეგ მიგრიაულმა მოითხოვა ადამიანთა ჯგუფის გამოყოფა, რომლებთანაც დეტალურად ისაუბრებდნენ, რა კეთდებოდა და რომ სახიფათო არაფერია.
_აგერ, აქ რომ გვითხრა, არ შეიძლება? აქ თქვით, რას აკეთებთ. რად გინდა ცალკე ჯგუფი?არ გვაინტერესებს ჩვენ, ვინ რა პოლიტიკური ორიენტაციისაა. შვილებს ვზრდით, ჰაერი არ უნდა მოიწამლოს. ურანი მოგაქვს , იქნებ. არ უნდა გვითხრათ, რას უკაკუნებთ აქ, ამდენი ხანია? –მიმართა მას ადგილობრივმა ნუკრი კუტალაძემ.
ჟურნლისტმა, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმას ნუგზარ ასათიანმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ჩოხასავით მოირგო ლოკდაუნი და მოსახლეობის გვერდის ავლით აპირებენ პროექტის განხილვას, _ სახელმნიფოს სურს საწარმოს აშენება? კი, ბატონო, დასახლებული პუქტიდან შორს ააშენოს და არა მდინარის აუზში, მოსახლეობის შუაგულში, _ თქვა მან.
ნუგზარ ასათიანმა ასევე პროტესტის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, უკვე მიიღეს პასუხი, რომ მათ პროექტის განხილვა ორი თვით გადადეს.
ოზურგეთის საკრბულოს წევრმა, ლევან მგელაძემ მიგრიაულს უთხრა, რომ საფუძვლიანად გაეცნო ამ პროექტს და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
_სად მიდის სანიაღვრე არხი? კანალიზაცია სად გადის? ხალხს ნუ ატყუებთ! მოიქეცით კეთილსინდისიერად, _ მოითხოვა მგელაძემ.
შავლეგ მიგრიაულმა არაერთრხელ განმარტა, რომ საშიში არაფერია.
ხალხის კატეგორიულ მოთხოვნაზე, რომ 20 მეტრში ანასეულის წყალსადენის ჭაბურღილებია განთავსებული და არ მისცემენ მოწამვლის უფლებას, მან ასე უპასუხა:
_ მე ეს წყალი შემყავს აქ და ჯერ მე უნდა დავლიო. რას ამბობთ? მოვწამლავ და დავლევ?
_ვინც დაგრთო ნება, რომ მანდ წყალი შეიყვანო და რაღაცეები აკეთო, ის მობრძანდეს აქ და ჩვენ გავცემთ პასუხს. ააშენეთ ქალაქგარეთ და რაც გინდათ, ის ჰქენით. აქ არ დაგანებებთ ამ ტოქსიკური საწარმოს გახსნას, – ამბობდნენ აღელვებული აქციის მონაწილეები.
საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა მაინც საიმედოდ მიიჩნიეს პროექტის განხილვის გადადება, რომელიც 28 იანვრისთვის იყო ჩანიშნული.
„გურია ნიუსი“ აქციის შესახებ ვრცელ სტატიას მალე შემოგთავაზებთ.