სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მესამე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. 18 იანვრიდან სასწავლო დაწესებულებამ პროცესი საკლასო ოთახებში განაახლა.
,, მესამე სკოლაში კორონავირუსით მეოთხე კლასის მოსწავლე დაინფიცირდა. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ჯერ დედას დაუფიქსირდა ტემპერატურა, რის შემდეგაც დედამ მასთან ერთად ტესტირება შვილსაც ჩაუტარა. ორივე დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ფაქტი სამტრედიის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მარინა თევზაძეს შევატყობინეთ. მათი წარმომადგენლების მიერ მეორე დღესვე შეიწამლა მთელი სკოლა. მარინა თევზაძის რეკომენდაციით, მეოთხე კლასი გადავიყვანეთ ონლაინ სწავლებაზე. რაც შეეხება მთლიანად მესამე სკოლას, ეს ერთი ფაქტი ხელს არ გვიშლის, მესამე სკოლამ სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელოს.” _ ეს ინფორმაცია ამ წუთებში ,,გურია ნიუსს” სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა, ვენერა ოდილავაძემ მიაწოდა.
მესამე საჯარო სკოლაში დღეს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესს 600 მოსწავლიდან 320 მოსწავლე ესწრება.