ქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას საბანკო ასოციაცია ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებგვერდების რეკლამას აკეთებენ. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის: არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე; ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი; ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის ვებგვერდზე იმყოფებით. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან.
ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე კონკრეტული ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ კომერციული ბანკის ვებგვერდის მისამართი; მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით,“ – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.