2021 წლის პირველ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავკაცი, ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, ლანჩხუთელ კანონმდებლებს, სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, ხუთ ძირითად საკითხზე მოუწია გადაწყვეტილებების მიღება.
პირველი საკითხად დეპუტატებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ განმარტებები მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელისგან, ია ჩხაიძისგან მოისმინეს და ერთსულოვნად დასტურიც მისცეს.
საკრებულოს წევრთა მხრიდან რაიმე სახის კრიტიკა არც მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების თაობაზე განკარგულების დამტკიცებას მოჰყოლია. ერთადერთი, ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ვერიკო კვირკველიამ გააჟღერა, რომ კარგი იქნებოდა, ფინანსური შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი იმ ახალგაზრდებსაც თუ წაახალისებდა, ვინაც უმაღლეს სასწავლებლებში 70 – 50 %-იანი გრანტები მოიპოვეს.
სხომაზე ისიც აღინიშნა, რომ განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის 4 ძირითადი პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 97.500 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.
ამავე სხდომაზე საკრებულომ მიიღო დადგენილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ.
როგორც საკითხის მომხსენებელმა, მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ფირცხალაიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს სოციალურ პროგრამებს 4 ახალი პროგრამაა დამატებული, რისთვისაც სულ ბიუჯეტიდან 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება და ჯამში, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 102 ლარზე მეტით არის გაზრდილი სოციალური პროგრამების დაფინანსება.