რატომ არ იხსნება ზამთრის კურორტები, რესტორნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს საკითხზე განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.
ბექა ფერაძის თქმით, თუკი ახლა რეგულაციების შემსუბუქება მოხდება, ეს ვირუსის გავრცელებას ხელს შეუწყობს და კვლავ შეზღუდვების დაწესება გახდება აუცილებელი, რაც ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება.
“ზამთრის კურორტებზე ვართ ჯერჯერობით ფრთხილად. ფრთხილად იმიტომ რომ ადამიანების მობილობა ამ შემთხვევაში გაცილებით მაღალია მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეზღუდვები არსებობს, ძალიან ბევრი ადამიანი არის კერძო საკუთრების მფლობელი და ეს ადამიანები ახდენენ ასეთ ადგილებში ვიზიტს, რაშიც სახელმწიფოს ჩარევის და რეგულირების საშუალება არ აქვს.
შესაბამისად, ჩვენ თუ დამატებით ხელს შევუწყობთ, რომ იქნება მობილობა გაზრდილი, ეს უკვე დიდი ალბათობით გვაქვს მოლოდინი, რომ გამოიწვევს შიდა გადადებას და ეს ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე მობილობით სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ამდენი ადამიანი გამოიწვევს ვირუსის სხვადსხვა ლოკაციაში ჩატანას და ეს იქნება გაცილებით ცუდი შედეგების მომტანი გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას თუ არ გაიხსნას, კიდევ ერთხელ ვეფუძნებით ტესტირების შედეგად დადებითობის მაჩვენებელი სად, რომელ რეგიონში გვაქვს შედარებით სტაბილური და ამით კიდევ ერთხელ თანმიმდევრული ვართ იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვიწვიოთ ეკონომიკის სტაბილიზება.
ჩვენ თუ ახლა მაქსიმალურად შევამსუბუქებთ რეგულაციებს, ყველა რეგიონში, ყველა მიმართულებით, ჩვენ თუ ახლა მივიღებთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ტოტალურად გადაწყვეტილებას, ეს გამოიწვევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვიწევს კვლავ შეზღუდვების დაწესება, რაც ეკონომიკისთვის იქნება ნეგატიური შედეგის მომტანი,” – განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე განმარტებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრების დიდ ნაკადი მოდის, ისევე როგორც რესტორნებში მომხმარებელთა მაღალი აქტივობაა სადაც პირბადის ტარება შეუძლებელია, სწორედ ეს ქმნის დაბრკოლებას ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისით.