შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ვლადიმერ ბორცვაძემ ლევან ხარაბაძეს და გურამ ზესაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
შსს-ს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ლევან ხარაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს, მას პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე გურამ ზესაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
პოლიციის დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც პერიოდულად ხორციელდება. ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.