ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ “ვაქცინის ნაციონალიზმმა”, შესაძლოა, პანდემია გაახანგრძლივოს.
როგორც BBC წერს, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ვაქცინების გადაჭარბებული მარაგის დაგროვების ტენდენცია “კატასტროფული მორალური მარცხია”, რამაც გლობალური უთანასწორობა შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს.
“ეს პანდემიის გახანგრძლივებას და ეკონომიკური აღდგენის შენელებას გამოიწვევს“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ასევე ჯანმოს ვიცე-სპიკერმა მარიანგელა სიმაომ აღნიშნა, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, ევროკომისიამ მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს. შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება. ახალი რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე დარჩება.
”ჩვენი მოქალაქეების დაცვა და უსაფრთხოება პრიორიტეტულია და ახლა ჩვენს წინაშე მდგარმა გამოწვევებმა სხვა მოქმედება არ დაგვიტოვა,” – განაცხადა ევროკომისიამ.