სოფელ ჩიბათის მაჟორიტარმა ლანჩხუთის საკრებულოში გიორგი ჩახვაძემ, საკრებულოს ბოლო სხდომაზე სოფლის განაწყენებული ახალგაზრდების სახელით, საფეხბურთო სტადიონის პრობლემა გააჟღერა, რომლის მშენებლობაც შვიდი წლის წინ დაიწყო და აქამდე არ დამთავრებულა.
„გეტყვით, რომ ჩიბათის ახალგაზრდობა ძალიან განაწყენებულია. ქვეყანაში არ არსებობს ასეთი ობიექტი, რომლის მშენებლობაც 2014 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ვსაუბრობ, იქნებ მომეხმაროთ და წელს მაინც ეს მშენებლობა ბოლომდე მივიყვანოთ,“- სოფლის მაჟორიტარმა მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მისამართით გააჟღერა.
პასუხად მუნიციპალიტეტის მერისგან, ალექსანდრე სარიშვილისგან მიიღო, რომ გარდა სოფლის პროგრამისა სტადიონის მშენებლობა ვერ დაფინანსდება.
„კი ამბობ, რომ მეშვიდე წელია სტადიონის მშენებლობის საკითხი, მაგრამ კარგად ვიცით, რომ სამი წელი სოფლის პროგრამა გაჩერებული იყო. სხვა პროგრამით ჩვენ ამ მოედანს ვერ გავაკეთებთ,“- განმარტა სარიშვილმა.
თუმცა, როგორც გიორგი ჩახვაძე ამბობს, სოფლის პროგრამის თანხები არასაკმარისია სტადიონის მსენებლობის დასასრულებლად.
„მაშინ გამოდის, რომ სამი წელი სოფლის პროგრამის თანხები სხვა რამეზე არ უნდა გაიხარჯოს, მხოლოდ სტადიონის მშენებლობას უნდა მოხმარდეს. არ შეიძლება სხვა თანხის გამოყენება არ შეიძლებოდეს ამ მშენებლობისთვის. მაგალითისთვის, გასულ წელს ქალაქის ტერიტორიაზე სამ სტადიონს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რაც მისასალმებელია და ეს არ მომხდარა სოფლის პროგრამის თანხებით“.