ოზურგეთის კოლორიტი დენის ბაჯელიძე გარდაიცვალა. მის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს პოეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
“ოზურგეთში, სოფელ ბოხვაურში დაკრძალეს ჩემი მეგობრის მამა, დენის ბაჯელიძე. მის შესახებ თქვენ არაფერი იცით, ან როგორ უნდა იცოდეთ – დენისი ჩუმი და უხმაურო კაცი იყო – მაღალი, სულ ჭაღარა, რამდენადაც გამხდარი, იმაზე უფრო პატიოსანი. პირველი ამბავი, საიდანაც დენისი მახსოვს, სადღაც მესამე კლასისაა. რაღაც თამაშს შევყევით, დაბინდდა და სახლის გზას იმაზე გაცილებით გვიან დავადექით, ვიდრე სკოლის მოსწავლის წესია. შორიდან დავინახეთ, ქუჩის ბოლოს, როგორ მოდიოდა დენისი ჩვენს საძებნად – მანაც დაგვინახა. დაგვინახა და უცებ შებრუნდა – არ უნდოდა მის შვილს შერცხვენოდა იმის, რომ მშობელი ეძებდა.
დენისი არქიტექტორი და მიწათმომწყობი გახლდათ. ქალაქში მთავარი. ოთხმოცდაათიანების ნაცნობი უცნაურობა კიდევ ასეთია, რომ სადაც რომ მასზე ლაპარაკი ჩამოვარდებოდა, ყველგან თანამგრძნობი ან დამცინავი ღიმილით ამბობდნენ – ადგილს აფუჭებსო. სხვა უმეტესი ან იპარავდა, ან ყაჩაღობდა – იმათ აქებდნენ ან დუმდნენ, ეს კაცი კიდევ მუშაობდა და არაფერს აშავებდა. უცნაურია კი. მაგრამ საგანგაშოდ უცნაური. განა არ გახსოვთ სრულიად გაუგებარი სიტყვათშეთანხმება – ,,ერთი საწყალი, პატიოსანი კაცია.” ჩვენ ვამბობთ ხოლმე მაგას. რატომაც ვამბობთ, ჩვენვე ვიცით.
უკანასკნელ წლებში დენისი კიდევ უფრო გახდა, უკანასკნელ დღეებში ხომ უკიდურესად – მაგრამ მაინც უფრო პატიოსანი იყო, ვიდრე გამხდარი.
მე რა, აქ რომ ვწერ, წასულს რას ვუშველი, მაგრამ მინდა, ასეთი ხალხის შესახებ თქვენც იცოდეთ. აი, მათ შესახებ, ჩვეულებრივი ხალხი რომ დავარქვით და სადღაც განზე გაწეულებს, არასდროს ვიმჩნევთ”, _ წერს გიორგი კეკელიძე.