ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი და ლიდერი დავით ქაცარავა შსს-ში, გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან “მთავარს” უთხრა.
მისი თქმით, ტელეფონზე დაუკავშირდა პირი, რომელიც შსს-ს გამომძიებლად გაეცნო.
“დამიკავშირდა და მითხრა, რომ კომენდანტის საათის დროს აქციაში მონაწილეობის გამო დაწყებულია სამართალწარმოება და მკითხა, შემეძლო თუ არა საგამოძიებო უწყებაში მისვლა, სადაც უნდა გამოვეკითხეთ და დავეჯარიმებინეთ. მე ვუპასუხე, რომ უკვე დაგეგმილი მქონდა დღე და მისვლას ვერ შევძლებდი. პასუხი იყო, რომ შესაბამის შეტყობინებას წერილობით გამომიგზავნიდნენ“, – თქვა დავით ქაცარავამ “მთავართან” სატელეფონო საუბარში.
დავით ქაცარავას განცხადებით, ასევე დააჯარიმეს ანტიოკუპაციური მოძრაობის ერთერთი აქტიური წევრი მიხეილ ბალიაშვილი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, “დაუმორჩილებლობის მარშში” მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო. მათ მარშით გაიარეს თბილისის ცენტრი და კომენდანტის საათის დემონსტრაციულად დარღვევის შემდეგ, ღამე “დედაენის ბაღში” გაათიეს. პოლიციამ მათი დაჯარიმება დაიწყო.
აქვე გეტყვით, რომ დავით ქაცარავამ ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 2017 წელს დააფუძნა და მისი წევრები სამოქალაქო პატრულირებას შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლთან 2017 წლის ივლისის ბოლოდან უწყვეტ რეჟიმში ატარებენ. ისინი ოკუპანტთა გადაადგილებას, ასევე მათ უკანონო ბაზებს აკვირდებიან და საზოგადოებასა და მედიას მათი აქტივობის შესახებ ამცნობენ.
2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის შემოდგომამდე დავით ქაცარავა და მისი გუნდის წევრები, 24-საათიან რეჟიმში მორიგეობდნენ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, საოკუპაციო ზოლთან, სადაც რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საინსტალაციო სამუშაოები აქტივისტების იქ გამოჩენის შემდეგ შეწყვიტეს და მხოლოდ მას შემდეგ განაახლეს, რაც პოლიციამ “ძალა ერთობაშიას” წევრები ატოციდან გააძევა.