25 თებერვალს, თბილისსა და ბათუმში, ოპოზიცია მშვიდობიანი აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, ,,ლეიბორისტულ პარტიის“ ოფისში, ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, პირველი აქცია 25 თებერვალს თბილისსა და ბათუმში ჩატარდება, ხოლო მეორე 31 მარტს.
ასევე, ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ აქცია იმართება, ქვეყნის გასაბჭოების 100 წლის თავზე, რადგან საქართველო კვლავ იგივე გამოწვევის წინაშე დგას, რაც 100 წლის წინ ჰქონდა.
“ეს არანაირ კავშირში არაა ჩემს საქმესთან მიმართებაში, ჩვენ რეგულარულად ვიკრიბებით ხან ლელოს ოფისში ხან ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ეს პირველი შეკრებაა უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს, დღეს, როცა 100 წლის წინ ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება მოახერხეს, ეს ყველაფერი მშვიდობიანი მსვლელობა მანიფესტაციით გავაპროტესტოთ. 100 წლის თავზე საქართველო კვლავ იმავე გამოწვევის წინაშე დგას, როცა მტრულად განწყობილი, ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები იგივე საფრთხის შემცვლელები არიან, რა საფრთხის წინაშეც 100 წლის წინ ვიდექით. სამწუხაროდ, მაშინ ამ საფრთხის განეიტრალება ვერ მოხერხდა. იგივე შეცდომა კვლავ რომ არ დავუშვათ და პრობლემა გადავჭრათ, რომლის წინაშეც ვდგავართ, თბილისსა და ბათუმში გაიმართება მშვიდობიანი მსვლელობა- მანიფესტაცია. ამავე დროს ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება 31 მარტს, ასევე მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან, ასევე ისაუბრა მის საქმესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამორიცხულია, კალაძემ, კობახიძემ, მურუსიძემ, გავრილოვმა, ივანიშვილმა და ვინც დღეს „ქართულ ოცნებაში“, მისი დაჭერა მოახერხონ.
„ამის საფუძველი არ აქვთ. ეს არის ჩემი ძალიან ჩამოყალიბებული პოზიცია, რომლის მჯერა. თუ ვინმეს არ სჯერა, რამდენიმე დღის წინანდელი ჩემი განცხადება გაიხსენონ, როცა ვამბობდი, რომ არ გადავიხდი გირაოს და „ქართული ოცნება“ ამბობდა რომ გადაიხდისო, ხომ არ გადავიხადე?! ახლა „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები კვლავ საპირისპიროს, ნუ იყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიები ,,ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრა გამართეს, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.