არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განსახილველად უნდა გადაეცეს საპროცედურო საკითხთა და წესების, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოს გენერალური პროკურატურა მოგვმართავს წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე, რაც ეხება ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხს. ეს წინადადება უნდა გადაეცეს საპროცედურო საკითხთა და წესების, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს განსახილველად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნიკა მელიას იმუნიტეტს მოვუხსნით, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, შეგნებულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს“.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 16 თებერვალს იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას.